logo
ENG



სოხუმში "დიდი სახალხო მიტინგისთვის" ემზადებიან, ოპოზიცია ე.წ. მთავრობის გადადგომას ითხოვს

30 მაი 202314:37
3 წუთის საკითხავი
 

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ხელისუფლება და ოპოზიცია 30 მაისისთვის დანიშნული "დიდი სახალხო მიტინგისთვის" ემზადებიან.

აფხაზეთში მოქმედი ოპოზიცია და საზოგადოებრივი ორგანიზაციების ნაწილი ე.წ. მთავრობას ეროვნული ინტერესების ღალატში ადანაშაულებენ. 

ოპოზიციამ აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტს, ასლან ბჟანიას ორკვირიანი ვადა მისცა ე.წ. მთავრობის დათხოვნისთვის, მაგრამ ბჟანიამ ოპოზიციის ულტიმატუმი უყურადღებოდ დატოვა, რის შემდეგაც 30 მაისს "დიდი სახალხო მიტინგი" ჩაინიშნა. 

დღეს, "სახალხო აქციის" დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე ოპოზიციურმა პარტიებმა და საზოგადოებრივმა ორგანიზაციებმა თვითგამოცხადებული აფხაზეთის რესპუბლიკის ე.წ. ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლებს მიმართეს, რადგან  29 მაისს, საღამოს, სოციალურ ქსელებში გავრცელდა ინფორმაცია, რომ სოხუმის ე.წ. სამთავრობო შენობების კომპლექსში სამხედრო ტექნიკა იყო მობილიზებული. ოპოზიციონერები ამბობენ, რომ აფხაზეთის კანონმდებლობა "კატეგორიულად კრძალავს ძალოვანი სტრუქტურების, მათ შორის თავდაცვის სამინისტროს მონაწილეობას სახელმწიფოს პოლიტიკურ პროცესებში".

განცხადება: 

"ჩვენო ძვირფასო ჯარისკაცებო და ოფიცრებო!

თქვენ ემსახურებით აფხაზეთის ხალხს და სწორედ თქვენ ხართ პასუხისმგებელი ჩვენი ქვეყნის სტაბილურობასა და უსაფრთხოებაზე, ჩვენი უსაფრთხოება თქვენს მხრებზეა და ჩვენ გვჯერა თქვენი!

თქვენ არ ხართ ის რეჟიმის მცველები, რომლებშიც უნდათ რომ მოგაქციონ. დღეს ხელისუფლება მზადაა გაყიდოს ქვეყანა, შემოიტანოს ჩვენს ცხოვრებაში უცხო კანონები, ააშენოს ბინები და საუკეთესო მიწები დაურიგოს უცხოელ მოქალაქეებს, რომლებთანაც აფხაზებს არანაირი ურთიერთობა არ ექნებათ და ასეა ყველგან და ყველაფერში.

"სახალხო აქცია" მიმართულია ჩვენი ქვეყნისთვის საზიანო ქმედებების წინააღმდეგ. მოგიწოდებთ, არ დაარღვიოთ აფხაზეთის რესპუბლიკის კანონები, არ შეასრულოთ კრიმინალური ბრძანებები, არ წახვიდეთ თქვენი ხალხის წინააღმდეგ, რომლის ინტერესების დაცვაც თქვენი მოწოდებაა." - ნათქვამია განცხადებაში.

ოპოზიციამ მოქმედი სამართალდამცავების მშობლებსაც მიმართა: "თქვენს შვილებზე უპრეცედენტო ზეწოლა ხდება, რათა აიძულონ ისინი დაუპირისპირდნენ თავიანთ ხალხს დღევანდელი რეჟიმის დასაცავად. შეახსენეთ მათ, რომ ისინი თავისი ხალხის სისხი და ხორცი არიან".

მიმართვის ავტორები არიან საზოგადოებრივმა ორგანიზაციებმა "აფხაზთა სახალხო მოძრაობამ", "არუაამ", "ვეტერანთა და ახალგაზრდობის კავშირი", "აამთა", "ერთობა", პარტიებმა "აფსნი" და "აფხაზეთის ეროვნული ერთიანობის ფორუმი".

29 მაისს აფხაზეთის ე.წ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა რობერტ კიუტმა განაცხადა, რომ სააგენტო "იცავს აფხაზეთის მოსახლეობას და კონსტიტუციურ წესრიგს". ე.წ. გენერალურმა პროკურორმა ადგურ აგრბამ განაცხადა, რომ გარე სათვალთვალო კამერები დამონტაჟდა სამთავრობო შენობების კომპლექსში და ჩაწერა კეთდებოდა მთელი საათის განმავლობაში.
ტელეგრამის არხები იტყობინებოდნენ, რომ 29-30 მაისის ღამეს სამთავრობო კომპლექსთან მდებარე ხიდი მდინარე სოხუმკაზე დაშალეს.

მანამდე ასევე ცნობილი გახდა რვა მოქალაქის დაკავების შესახებ, მათ შორის აფხაზეთის სახალხო მოძრაობის ლიდერის, ადგურ არძინბას ნათესავი იყო. აფხაზეთის ე.წ. შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ "ღონისძიების გატარება, მიმართულია სამართალდარღვევისა და დანაშაულის პრევენციის, აფხაზეთის მოქალაქეებისა და სტუმრების საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით".


close დახურვა